Sunday, November 10, 2013

მერვე დღე

     ჩვენი პროექტი თანდათან სრულდება, პორტფოლიოები ნელ– ნელა შეივსო, ცოტაც და  მზად იქნება საბოლოო პრეზენტაციისთვის. მთავრდება ჩვენი ტრენინგიც. გული მწყდება ბოლო ტრენინგზე რომ არ ვიქნები საპატიო მიზეზის გამო,თუმცა ყველა ნამუშევარი საბოლოოდ აიტვირთება და ნახვის საშუალება მექნება,ჩემი მოლოდინები, რაც ამ პროექტის მიმართ გამაჩნდა სულიად გამართლდა, არ ვიცი სრულყოფილად შევძელი თუ არა ამ სამუშაოს შესრულება,მაგრამ ეს არ არის მთავარი, მე ვფიქრობ intel-ის კურსი არ დასრულებულა, პროექტებზე შემდგომ მუშაობისას ერთგული მეგობარივით და მრჩეველივით გვეყოლება  გვერდში ის მასალები, გზამკვლევები, ნიმუშები და უამრავი რესურსი და კიდევ ჩვენი დაუზარელი ტრენერი ბატონი დავითი, რომელსაც ალბათ კიდევ შევაწუხებთ ხანდახან, რადგან ვიცით რომ ჩვენს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და კონსულტაცია  არ დაეზარება.          

      მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი ამ პროცესს დაწყების პირველი დღიდან. მივხვდი რომ  intel–ის ტრენინგი არის საჭირო და აუცილებელი ყველა მასწავლებლისთვის, ვინც დაინტერესებულია პროექტებით სწავლებით და ესმის ამ სწავლების უპირატესობა ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისაგან განსხვავებით. პროექტებს ადრეც ვაკეთებდი , მაგრამ უამრავი კითხვა მქონდა ამასთან დაკავშირებით, მივხვდი რომ პროფესიულად გავიზარდე, ჩემი შემდგომი პროექტები უფრო დახვეწილი იქნება. ახლა უკვე შემიძლია მოდულის თავში დასმულ მთავარ კითხვას თამამად ვუპასუხო, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის ხელშესაწყობად.

     მიხარია ამ პროექტზე  ასეთი კარგი ადამიანების გვერდით  ვიმუშავე,   წარმატებები ყველა ჩემს  კოლეგას და ჩვენს ერთგულ ტრენერს ბატონ დავითს.

Saturday, November 9, 2013

მეშვიდე დღე

   დღეისათვის მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები უნდა შეგვექმნა.ერთმანეთის ნამუშევრებს გავეცანით, ძალიან მომეწონა კოლეგების ნამუშევრები, მგონი ჩემსასაც არა უშავს,ყოველ შემთხვევაში მსგავსი თამაშით მეც სიამოვნებით გავერთობი J , საერთოდ ყველაზე მეტად ამ პროცესით ვისიამოვნე.ორი ნიმუში გავაკეთე, თუმცა დრო რომ მქონოდა მეტსაც გავაკეთებდი, იმდენი იდეა მომივიდა თავში მუშაობისას.წარმოვიდგინე მოსწავლეებისთვისაც რა სასიამოვნო და შემოქმედებითი პროცესი იქნებოდა,მე მგონი ბავშვები უკეთეს ნამუშევრებს შექმნიან.
         პროექტებით სწავლება ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მეტი ცოდნა მიმეღო  ამის  შესახებ, მაგრამ რაც მოსწავლის ნიმუშების შექმნის დროს გავაცნობიერე, სულ სხვა შეგრძნება იყო, კარგია რომ ეს პროცესი ჩადეს ამ ტრენინგში, თავიდან თითქოს ზედმეტი მომეჩვენა ეს ნაწილი, შემდეგ მივხვდი,რომ ამ დროს ყველაზე მეტად ვუახლოვდებით მოსწავლეს, ეხლა უკვე კარგად ვიცი მოსწავლე რას გრძნობს,როგორი ემოციები აქვს,  რამდენ ენერგიას ხარჯავს,როგორი მოტივირებულია, როგორ ვითარდება შემოქმედებითად და როგორ ელოდება თანატოლთა და ხელმძღვანელის შეფასებებს,როგორ ეჩვევა ფიქრს და ანალიზს, როგორ უვითარდება საკუთარი ძალების რწმენა.  

Sunday, November 3, 2013

მეექვსე დღე

     დღეს გუგლის ფორმებს გავეცანით, ვისწავლეთ  ტესტის სხვადასხვა სახეების ადეკვატურად შერჩევა და შედგენა, შემდეგ კი მათი გაზიარება.მაგალითისთვის რამდენიმე ტესტი შევადგინეთ იქვე და ერთმანეთს ელ–ფოსტებზე გავუგზავნეთ. ვფიქრობ კარგად შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება მოსწავლეებთან.
        ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. კომენტარებს კი თანდათან გავაკეთებთ. კარგია რომ რეფლექსიის ბლოგი გვაქვს და უკუკავშირის შესაძლებლობები გვაქვს. სხვა ტრენინგებზე ბოლოს ფურცლებზე ვაკეთებდით შეფასებებს და ერთმანეთის შეხედულებების გაცნობისა და  უკუკავშირის ასეთი საშუალება არ გვქონდა.  გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები მართლაც რომ  კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად. ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას,ჩვენ კი დაგვეხმარება სწორი ორგანიზება გავუკეთოთ პროექტს.მე ვფიქრობ ამ უნარების და მასთან ერთად სხვა საციცოცხლო უნარების განვითარება ნამდვილად სჭირდება ჩვენს მოსწავლეებს.    შემდეგი ტრენინგისთვის დავალება გვაქვს მოსწავლეთა რამდენიმე ნამუშევარი შევქმნათ.                           

პროექტის თემის პრეზენტაცია

პრეზენტაციის სანახავად დააწკაპეთ ბმულზე

Saturday, November 2, 2013

მეხუთე დღე


      დღეს საინტერესო დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჯგუფის წევრებმა თავიანთი პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს. მოხდა მათი განხილვა, ვიმსჯელეთ,დავუსვით შეკითხვები და  სასარგებლო რჩევები მივეცით ერთმანეთს. მომეწონა მათი შესრულებული პროექტები.

      შეფასების სქემაზე ვმუშაობთ, ადრე მეგონა მთავარი იყო პროექტის იდეა, მიზნების შემუშავება, აქტივობების დაგეგმვა და მორჩა პროექტი მზად იყო. თურმე შეფასების სქემები  ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი ყოფილა. არც ამდენ ყურადღებას არ ვამახვილებდი ამ პროცესზე, თანდათან ვხვდები მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და თანატოლთა ურთიერთშეფასება რამდენად მნიშვნელოვანია. ისევე როგორც მე ვგრძნობ რამდენად აუცილებელია ჩემი განვითარებისათვის ჩემი კოლეგების სწორი შეფასება და ურთიერთშეფასება. Intel -ის სახელმძღვანელოში უამრავი რესურსია, რომელიც შეგვილია ნიმუშებად გამოვიყენოთ.  მაგრამ კარგი იქნებოდა ეს ტრენინგი არდადეგებზე რომ იყოს და უფრო მეტი დრო დაგვჩეს ანალიზისთვის და შეგვეძლოს მთლიანად ,,ჩავეფლოთ ‘’ ამ სამუშაოში. საბოლოო ჯამში კი ძალიან მიხარია ამ პროექტის გაცნობის საშუალება რომ მომეცა.

Sunday, October 27, 2013

მეოთხე დღე

       გუშინ მგონი მთელი ჯგუფი ჩემსავით შუაღამემდე იჯდა კომპიუტერთან და მუშაობდა.  ბუკლეტი კი გავაკეთე, მაგრამ რომ გადავხედე,მივხვდი ცვლილებების შეტანა მომიწევს კიდევ.
    გარდა ამისა დრაივში ავტვირთეთ ჩვენი საინფორმაციო ბუკლეტები და გამოვაქვეყნეთ. სიამოვნებით გავეცნობი ჩემი კოლეგების ნამუშევრებს.
      კარგი იყო  ერთმანეთის პროექტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ წავკითხეთ, შევაფასეთ და სასარგებლო რჩევები მივეცით ერთმანეთს. ვფიქრობ  ურთიერთშეფასებები ძალიან დაგვეხმარება პროექტების დასახვეწად.

       დღეს შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები განვიხილეთ. წავიკითხეთ მასალები და  ვიმსჯელეთ შეფასების მიზნებზე, მეთოდებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე. გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია შეფასება ხდებოდეს პროექტის  ყველა ეტაპზე, ამავე  დროს აუცილებელია მოსწავლეთა ჩართვა თვითშეფასების პროცესში,ასევე აუცილებელია მათთვის შეფასების რუბრიკების  გაცნობა.  ვფიქრობ ამის შემდეგ, მოცემული დავალება, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, არ გამიჭირდება.